საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები


II კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან  და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა ხერხით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
Ø  სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
Ø  ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;
Ø  ასახელებს მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ წევრთა რიგს.
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
Ø  ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად, თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
Ø  განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
Ø  ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემოსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).
მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იმავე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
Ø  აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად, განმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);
Ø  დაადგენს, არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში (მაგალითად, საგანთა დაწყვილებით);
Ø  ირჩევს ხერხს (მაგალითად, უკუთვლა ან გამოკლება) და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას.


მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ირჩევს ხერხს (მაგალითად, დაწყვილება), აფასებს და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში;  განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?", "ტოლი", "ორჯერ მეტი/ნაკლები");
Ø  ერთგვაროვან საგანთა ორი გროვიდან (რომლებშიც საგნების რაოდენობა მკვეთრად განსხვავებულია) ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;
Ø  ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს ან ხუთეულს;  განმარტავს პასუხს.


მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
Ø  მარტივი ამოცანის ამოსახსნელად ირჩევს შესაბამის მოქმედებას და მისი შესრულების ხერხს;
Ø  იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია პირველი შესაკრები და ჯამი; იყენებს ერთეულის ბიჯით უკუთვლას უცნობი მაკლების პოვნისთვის, მოცემული საკლებითა და სხვაობით და ახდენს გამოყენებული ხერხის  დემონსტრირებას;
Ø  განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100-ის ფარგლებში).

მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
მათ.II.6. მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდულ განლაგებებს (მიმდევრობებ) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  მოცემულ მიმდევრობაში ავსებს რამდენიმე გამოტოვებულ პოზიციას;
Ø  ერთმანეთს ადარებს რამდენიმე (არაუმეტეს სამის) მიმდევრობას და ასახელებს იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა და იმავე წესს ემორჩილებიან;
Ø  მოცემული წესის მიხედვით წარმოადგენს მიმდევრობას მხოლოდ ერთი ატრიბუტით (მაგ., ფერით ან ფორმით) განსხვავებული საგნების ან ნახატების/ფიგურების საშუალებით.
მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული ტოლობის (მაგალითად,) უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
Ø  შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ევივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);
Ø  იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის) და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის) თვისებებს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოსათვლელად.

მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
Ø  განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;
Ø  უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
Ø  აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ);
Ø  გასცემს და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითითებებს.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ურთიერთშეთავსებით ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
Ø  მოიძიებს ტოლი ფიგურების ნიმუშებს მისთვის ჩვეულ გარემოში; ახდენს ფიგურათა ტოლობის დემონსტრირებას მათი ურთიერთშეთავსებით;
Ø  პოულობს რეალური ობიექტის (მაგალითად, საკლასო ოთახის, სპორტული დარბაზის) წრფივ ზომას არასტანდარტული ზომის ერთეულის (მაგალითად, ნაბიჯის) გამოყენებით.

მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა

მათ. II.11. მოსწავლეს შეუძლია  თვისებრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  აგროვებს მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
Ø  ამოკრებს რამდენიმე მონაცემს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან (არაუმეტეს ათი მონაცემი);
Ø  ამოკრებს საჭირო მონაცემებს უმარტივესი (ორსვეტიანი ან ორსტრიქონიანი) ცხრილიდან.

მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე (მიმდევრობით გამოყოფილი პოზიციების შემთხვევაში);
Ø  მონაცემთა ერთობლიობის ყოველ მონაცემს მიუჩენს ადგილს რომელიმე მოცემულ ჯგუფში (მონაცემთა რაოდენობა არ აღემატება ათს, ხოლო ჯგუფების რაოდენობა - სამს);
Ø  ერთი კლასის ობიექტთა (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურები) შესახებ მონაცემებს ალაგებს/აჯგუფებს რაიმე წესით; განმარტავს დალაგების/დაჯგუფების წესს.

მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სიტყვიერად ახასიათებს მონაცემთა სიას (რომელშიც გაერთიანებულია არაუმეტეს 10 მონაცემისა) მონაცემთა საერთო რაოდენობის, განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით;
Ø  სიტყვიერად აღწერს/განმარტავს პიქტოგრამას, რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს;
Ø  სიტყვიერად აღწერს/განმარტავს  მონაცემთა უმარტივეს (ორსვეტიან ან ორსტრიქონიან) ცხრილს.

პროგრამის შინაარსი
1.       100-ზე ნაკლები ნატურალური რიცხვები;
2.       ათობითი პოზიციური სისტემა და მისი დემონსტრირება;
3.       არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე და მათი დემონსტრირება;
4.       ეროვნული ფულის ნიშნები;
5.       საგნების, ნახატების ან ფიგურების საშუალებით წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობები;
6.       შეკრების/გამოკლების (არაუმეტეს ორი მოქმედების) შემცველი მთელრიცხოვანი გამოსახულებები და მათი ევივალენტობა;
7.       შეკრების კომუტაციურობა (გადანაცვლებადობა) და ასოციაციურობა (ჯუფთებადობა) (არაფორმალურად და შესაბამისი ტერმინების გარეშე);
8.       ერთი უცნობი კომპონენტისა და შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველი მთელრიცხოვანი ტოლობები;
9.       ბრტყელი ფიგურები: წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრუდი წირი;
10.   ფიგურის შიგა და გარე არეები, ფიგურის საზღვარი;
11.   საერთო საზღვრის მქონე ფიგურები, მათი საერთო გვერდები და წვეროები;
12.   ტოლი ფიგურები;
13.   მანძილი: ადიციურობა მონაკვეთზე, სიგრძის საზომი არასტანდარტული ერთეულები;
14.   სიბრტყეზე ორიენტაცია და ობიექტთა ურთიერთგანლაგება;
15.   თვისბრივ მონაცემთა შეგროვების საშუალებანი: დაკვირვება, მონაცემთა ამოკრება მონაცემთა სიიდან და ცხრილიდან;
16.   თვისბრივი მონაცემების ორგანიზაცია: მონაცემთა დაჯგუფება;
17.   მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისბრივი ნიშნები: მონაცემთა საერთო რაოდენობა, განმეორება, პოზიცია და თანმიმდევრობა ერთობლიობაში;
18.   მონაცემთა წარმოდგენის საშუალებანი თვისბრივი მონაცემებისთვის: სია, ცხრილი, პიქტოგრამა (რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს).

No comments:

Post a Comment